თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში მთაწმინდის რაიონში, კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა გაიხსნა.
ქუჩის გახსნას დედაქალაქის საკრებულოს წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, სერგო ფარაჯანოვის მეგობრები და ახლობლები დაესწრნენ.
ქუჩის გახსნაზე საკრებულოს წევრებმა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა და სერგო ფარაჯანოვის მეგობრებმა სამისამართე აბრები დაამონტაჟეს. კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვის სახელი კოტე მესხის შესახვევს ეწოდა. ეს ის ადგილია, სადაც ცნობილი კინორეჟისორი ცხოვრობდა.
სერგო ფარაჯანოვი XX საუკუნის სომხური წარმოშობის ქართველი კინორეჟისორი იყო. ის დაიბადა და გაიზარდა თბილისში. სერგო ფარაჯანოვის ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს.
ფარაჯანოვის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები" (1964) იყო რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა.
მისი ნამუშევარი "ბროწეულის ფერი" (1969) თბილისელ პოეტ საიათნოვას ცხოვრებას ასახავს. ამ ფილმის გამო საბჭოთა მთავრობამ და ფარაჯანოვი 1973 წელს დააპატიმრა.
გათავისუფლების შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში მას ფილმების გადაღება აკრძალული ჰქონდა, თუმცა 80-იან წლებში მას ნება დართეს გადაეღო "ამბავი სურამის ციხისა" (1984), რომელიც მისი ადრეული ნამუშევრების ფერადოვნების გამოძახილია, ასევე "აშიკი ქერიბი" (1988) და დაუმთავრებელი ავტობიოგრაფიული სერია "აღიარებისა", რომელიც შემდგომში მიხეილ ვართანოვის ფილმის "ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხული" ნაწილი გახდა.
სერგო ფარაჯანოვი 1990 წლის 20 ივლისს ერევანში გარდაიცვალა.