2022 წლის მაისში ტურიზმის აღდგენა დაჩქარდა და ტურისტების რიცხვმა ბოლო 2 წელიწადში პირველად მიაღწია 2019 წლის დონის 62.3%-ს, ამის შესახებ საუბარია გალტ & თაგარტის კვირის მიმოხილვაში.
გალტ & თაგარტის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ერთდღიანი ვიზიტორების აღდგენაც მნიშვნელოვნად დაჩქარდა მაისში, რომელმაც 2019 წლის მაისის 28.6% შეადგინა, რაც 12.6 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს (ამ ტიპის ვიზიტორები მთლიანი ვიზიტორების საშუალოდ 30%-ს შეადგენდა 2019 წელს).
ამრიგად, 2022 წლის მაისში 319.8 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი (+205.3% წ/წ, ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) მოგზაურობდა საქართველოში.
ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა თურქეთიდან (18.8% წილი ჯამურ ვიზიტებში), რასაც მოჰყვება რუსეთი (16.1% წილი) და სომხეთი (13.3% წილი). ამასთან, ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (59.0%-იანი წილი), რასაც მოჰყვა საჰაერო გზით შემოსვლა (40.1%-იანი წილი).
ჯამურად 2022 წლის პირველ 5 თვეში, საქართველოს 0.9 მილიონი ტურისტი ეწვია (+213.8% წ/წ, 2019 წლის პირველი 5 თვის 54.8%) და ტურიზმის შემოსავლებმა 833.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+370.1% წ/წ, 2019 წლის პირველი 5 თვის 74.6%).