- ქართულ ბაზარს ფრანგული წარმოების სატვირთო ავტომანქანები შეემატა, რაც ინფრასტრუქტურული, სამშენებლო და ლოგისტიკური პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს;
- თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია Tegeta Commercial Vehicles ფრანგული ბრენდის ტექნიკით სომხეთსაც მოამარაგებს.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი Tegeta Commercial Vehicles საქართველოში პრემიუმ კლასის ბრენდის Renault Trucks-ის გაყიდვებს იწყებს. ფრანგულ ბრენდს, რომელიც ოთხ კონტინენტზე საქმიანობს, რეგიონის ბაზარზე ქართული კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს. პირველი ცენტრი თბილისში 10 ივნისს, აღმაშენებლის ხეივანში გაიხსნა.
კომპანია მომხმარებელს რენოს მაღალი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილებს შესთავაზებს და გაყიდვების შემდგომ სრულ მომსახურებას გაუწევს. ცენტრში, რომელიც 580 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, დღის განმავლობაში, ერთდროულად 10-მდე სატრანსპორტო საშუალების მომსახურებაა შესაძლებელი. კომერციული ტრანსპორტის სერვისს კვალიფიციური მექანიკოსები, რენოს სტანდარტების სრული დაცვით, თანამედროვე დანადგარების საშუალებით განახორციელებენ.
რენოს პირველი ცენტრი თბილისში კომპანიის დირექტორმა და თურქეთსა და ცენტრალური აზიის რეგიონში Renault Trucks-ის ვიცე-პრეზიდენტმა გახსნეს, რომელიც საქართველოში სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვიდა.
სებასტიან დელეპინი, თურქეთსა და ცენტრალური აზიის რეგიონში Renault Trucks-ის ვიცე-პრეზიდენტი: „მოხარული ვარ თეგეტასთან თანამშრომლობის დაწყებით. ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს, რაც არის პროდუქციის მაღალი ხარისხი და მომხმარებელზე ზრუნვა. ჩვენი კომპანიების თანამშრომლობა რეგიონის მასშტაბით მოიცავს როგორც საქართველოს, ასევე სომხეთს. ვფიქრობ, ეს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საუკეთესო ხარისხის ტექნიკის მომხმარებლებისთვის. თქვენს
რეგიონში ინფრასტრუქტურის მხრივ ბევრი პროექტი ხორციელდება. თეგეტა ჩვენთვის ძლიერი პარტნიორია და მათთან ერთად, რეგიონის განვითარების პროცესში, ჩვენი პროდუქტითა და სერვისით სიამოვნებით ჩავერთვებით.“
უმსხვილესი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი Tegeta Commercial Vehicles საქართველოში Renault Trucks-ის ფრანგული წარმოების ტექნიკით სომხეთსაც მოამარაგებს. ამასთანავე, ქართული კომპანია კომერციული ტრანსპორტისთვის ორიგინალ ნაწილებს მომხმარებელს ორივე ქვეყანაში შესთავაზებს.
თეიმურაზ დარისპანაშვილი, Tegeta Commercial Vehicles-ის დირექტორი: „ მიხარია, რომ პარტნიორებს საქართველოში რენოს ცენტრის გახსნაზე ვუმასპინძლეთ, რომელიც მომხმარებელს Renault Trucks-ის წარმოებულ პრემიუმ კლასის, საშუალო და მაღალი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომანქანებს შესთავაზებს. ეს უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობა შესაძლებლობას მოგვცემს, ერთი მხრივ, განვავითაროთ ბიზნესი, მეორე მხრივ კი, წვლილი შევიტანოთ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ეს გულისხმობს როგორც გზების და ავტომაგისტრალების მშენებელი, ისე ბუნებრივი წიაღისეულის მომპოვებელი და ლოგისტიკური კომპანიების მომარაგებას. ხაზგასასმელია ისიც, რომ შესაძლებელი იქნება Renault trucks-ის მიერ წარმოებული ორიგინალი სათადარიგო ნაწილებით მომსახურება საქართველოს ყველა საკვანძო ქალაქში, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს პარტნიორ კომპანიებს, ეფექტურად გააკონტროლონ საოპერაციო ხარჯები.“
Renault Trucks-ის ცენტრის გახსნაზე წარმოდგენილი იყო K-სერიის მოდელები, სამშენებლო და კარიერული დანიშნულების თვითმცლელები და ბეტონის მიქსერები, ასევე T- სერიის ლოგისტიკური დანიშნულების უნაგირა საწევარა. ცერემონიას, ორი კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი და პარტნიორებიც ესწრებოდნენ. სტუმრებმა ახლადგახსნილი შოურუმი დაათვალიერეს და Renault Trucks-ის პროდუქციისა და ცენტრის სერვისების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
Renault Trucks, რომელიც 150 ქვეყანაში ოპერირებს, მომხმარებელს ყოველწლიურად 50 000-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებას აწვდის მსოფლიო მასშტაბით. ფრანგული ბრენდის პორტფელში სხვადასხვა დანიშნულების პროდუქციის ფართო არჩევანია წარმოდგენილი.
მათ შორის არის ელექტროავტომობილები, რომლებსაც Renault Trucks 10 წელზე მეტია აწარმოებს და მდგრადი მობილობის განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები, ნულოვანი გამონაბოლქვით, გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის. ამასთანავე, ამცირებს სერვისის საჭიროებას და ხმაურს, საწვავზე მომუშავე ავტომობილებთან შედარებით. შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში Renault Trucks-ის წარმომადგენლობა საქართველოში, ელექტრომოდელების ჩამოყვანასაც უზრუნველყოფს.
კომერციული და სატვირთო ავტოტრანსპორტის გიგანტის მსოფლიო ქსელი, სადაც ახლა Renault Trucks-ის ქართული წარმომადგენლობა გაერთიანდა, გაყიდვებისა და მომსახურების 1400-ზე მეტ ცენტრს მოიცავს.
Tegeta Commercial Vehicles „თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი კომპანიაა, რომელიც გასულ წელს შეიქმნა და მომხმარებელს სამშენებლო, კომერციულ და სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებს სთავაზობს.