საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 2015 წელს ახალგაზრდული ოლიმპიადის თბილისში ჩატარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
"ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმ წარმატებული საერთაშორისო აქტივობისა, რომელიც საქართველოს განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰქონდა საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ძალიან სასიამოვნო დაგვირგვინება იყო ჩვენი დიპლომატიური წარმატებისა", - აღნიშნა ბაქრაძემ ბიუროს სხდომაზე.
ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ოლიმპიურ ფესტივალს ღირსეულად უმასპინძლებს.
"მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს გია ნაცვლიშვილს და თბილისის მერს გიგი უგულავას, წინასწარ გაწეული დიდი მუშაობისთვის. მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა, განსაკუთრებით კი სერბეთის ოლიმპიურ კომიტეტს", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში გაიმართება. გადაწყვეტილება ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა ასამბლეის 49 წევრმა მიიღო. ფესტივალის მასპინძლობის სურვილს თბილისთან ერთად, ჩეხეთის ქალაქი ბრნო გამოთქვამდა.