პრეზიდენტმა სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის, საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის ღირსების მედლით დააჯილდოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს II ოპერატიული განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი ალექსანდრე გულუა.
ალექსანდრე გულუას ხელმძღვანელობით მიმდინარეობს აქტიური ბრძოლა ერთ- ერთი მთავარი გამოწვევის, ინტერნეტნარკორეალიზაციის წინააღმდეგ. მისი უშუალო მონაწილეობით კი გამოვლინდა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ინტერნეტ ნარკომაღაზიების მეშვეობით საქართველოში ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახორციელებდა.
პრეზიდენტმა ასევე ღირსების მედლით დააჯილდოვა პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი სალომე ჟღენტი, რომელსაც სახელმწიფო ჯილდო სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის, საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის გადაეცა. მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით გაიხსნა არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი არაერთი მძიმე დანაშაული და პასუხისგებაში მიეცნენ დამნაშავეები.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს