დღეს ჩვენ გვყავს სამართლიანობასა და ადამიანის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია. პოლიციისთვის, ბოლო წლებში, ისე, როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე და მისი ხელშეუხებლობა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩაუცვამს პოლიციელის ფორმა, კარგად იცის, რას ნიშნავს პოლიციელის პროფესია და რა სირთულეებთანაა დაკავშირებული დანაშაულთან ბრძოლა, ასევე, იცის, რა საამაყოა, ემსახურო მოქალაქეებს.
„ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩაგვიცვამს პოლიციელის ფორმა, გვიტარებია პოლიციელის მუნდირი, კარგად ვიცით, რას ნიშნავს პოლიციელის პროფესია. ვიცით, რა სირთულეები ახლავს თან დანაშაულთან ბრძოლას, ვიცით, რა საამაყოა, ემსახურო მოქალაქეებს და ვიცით ფასი ადამიანის სხვადასხვა ფუნდამენტური უფლების დაცვის. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, კრიმინალთან ბრძოლა არის თითოეული ჩვენგანის ყველაზე საპასუხისმგებლო საზოგადოებრივი როლი. დღეს ჩვენ გვყავს სამართლიანობასა და ადამიანის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია. პოლიციისთვის, ბოლო წლებში, ისე, როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე და მისი ხელშეუხებლობა. ეს არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მონაპოვარი და ეს მონაპოვარი ეკუთვნის საზოგადოების თითოეულ წევრს“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.