საქათველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ დამატებით შეკითხვებს აჩენს ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადება, სადაც ის, სხვადასხვა საკითხთან ერთად, 5 ივლისის ძალადობაზე საუბრობს.
ვოლსკი ამბობს, რომ გაუგებარია, "რა აქვს ელჩს მხედველობაში, როდესაც 5 ივლისის ძალადობაზე საუბრობს".
"ყველაფერი შესრულებული ვერც იქნება, ბევრი რეფორმა განსახორციელებელია, უბრალოდ, კიდევ დამატებით შეკითხვებს ბადებს კარლ ჰარცელის განცხადება, რა აქვს მხედველობაში, როცა 5 ივლისზე ლაპარაკობს? ადამიანები არსებობენ საქართველოშიც და ევროპაშიც, რომლებიც ძალადობაზე არიან გადასული უამრავი სხვადასხვა ნიშნით, გენდერული თანასწორობა იქნება თუ ნებისმიერი სხვა უმცირესობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება. ან რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში და სასჯელი, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მიიღოს, ეს ხდება როგორც საქართველოში, ისე ევროპაში, თუკი ეს ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს", - ამბობს ვოლსკი.
რეფორმებზე საუბრისას, ვოლსკი ამბობს, რომ საქართველომ ისეთი ცვლილებები განახორციელა, რაც ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოსაც არ აქვს.
"ბევრი ევროპული განვითარებული სახელმწიფო ვერ დაიკვეხნის ისეთ ჩამოყალიბებულ საარჩევნო სისტემას, კოდექსს, რაც საქართველოშია მიღებული", - დასძინა მან.