პირდაპირ გეუბნებით, ხელს ვადებ კობახიძეს, ღარიბაშვილს და ივანიშვილს, ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ არ მოგვცენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ფიქრობენ, რომ ნაბიჯების კომპოზიცია, რაც მათ გადადგეს ერთი თვის მანძილზე, საკმარისი შეიძლება, აღმოჩნდეს, რათა ევროკავშირმა უარი გვითხრას, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ეს არის რეალობა, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს ადამიანი და ეს პოლიტიკური ჯგუფი თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ანტიდასავლური რიტორიკით, აშანტაჟებენ მოსამაართლეებს, გეგონება, ქურდული სამყარო იყოს სასამართლოში, ქურდმა რაღაც სიტყვა თქვა და აღარ უნდა წავიდნენ უცხოეთში. თავს ესხმიან ევროკავშირისა და ამერიკის ელჩს. მეტიც, იჭერენ კრიტიკული მედიის ხელმძღვანელებს, არ ითვალისწინებენ არც ერთ რეკომენდაციას და შვიდ პუნქტს, რაც წარვადგინეთ. უბრალოდ წაიკითხეთ, უმარტივესია ამ ყველაფრის გაკეთება.
კობახიძის დღევანდელი განცხადება მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ ფიქრობს, მათი სტრატეგია მუშაობს და ევროკავშირი კანდიდატობაზე გვეტყვის უარს. შესაბამისად, უარის შემდგომი პროცესებისთვის ემზადებიან. მაგალითად, ჩვენ ირლანდიაში მივდივართ, ევროპარლამენტარებს უნდა შვეხვდე, შემდეგ ბრიუსელში, ბერლინში. მაქსიმალურად ვიმუშავებ, რომ ეს არ მოხდეს. პირდაპირ გეუბნებით, ხელს ვადებ კობახიძეს, ღარიბაშვილს და ივანიშვილს, ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ არ მოგვცენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ფიქრობენ, რომ ნაბიჯების კომპოზიცია, რაც მათ გადადგეს ერთი თვის მანძილზე, საკმარისი შეიძლება, აღმოჩნდეს, რათა ევროკავშირმა უარი გვითხრას. შესაბამისად, ისინი არიან ანტიქართული, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პერსონები. ხაზს ვუსვამ ამას. აგერ ევროკავშირის ელჩი და მთელი ევროპა გეუბნება, გადმოდგი ნაბიჯი, რომ გადმოვდგათ ნაბიჯი ჩვენც. ჩვენ ჩვენი შვიდი პუნქტი დავდეთ, იმის რაც არის გადასადგმელი ნაბიჯები და დადონ მათაც ასეთი პუნქტები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.