რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ახდენს.
დოკუმენტის მიხედვით, რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს მოქალაქეობის მიღება საკუთარი პასპორტის დათმობის გარეშე შეეძლებათ.
შეთანხმება ძალაში შევა რატიფიკაციის "სიგელების" გაცვლის დღიდან.
"ხელშეკრულება მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად განახლდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებით, თუ მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის გასვლამდე ექვსი თვით ადრე, რომელიმე მხარე არ აცნობებს მეორე მხარეს წერილობით, დიპლომატიური არხების საშუალებით, მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ", - იუწყება კრემლის პრესსამსახური.