"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აკრიტიკებს, რომელიც მან სასამართლოსთან დაკავშირებით 26 მაისის ღონისძიებაზე გააკეთა.
კობახიძის თქმით, "პრეზიდენტმა არ იცის საზეიმო დღეს რაზე უნდა ისაუბროს, რაც პრობლემაა".
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა სასამართლოს საწინააღმდეგო უარგუმენტო კამპანიას, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტი დააზიანა.
"რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ განცხადებას, მე მგონი სირცხვილი სწორედ ეს განცხადება იყო, ამას ძალიან პირდაპირ და თამამად ვამბობ, ჯერ ერთი 26 მაისს, საზეიმო დღეს, როდესაც არ იცი რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ამაზე უნდა მივანიშნოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს იმისათვის, რომ დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი, ეს არის სერიოზული პრობლემა
რაც შეეხება სასამართლოს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უერთდება სრულიად უარგუმენტო კამპანიას სასამართლო სისტემის წინააღმდეგ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ეს არის სერიოზული პრობლემა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, უფრო სწორად, ასეა ეს, ამ არასწორი განცხადებით, მან სცადა, რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემის, ინსტიტუტის რეპუტაციის დაზიანება, თუმცა სინამდვილეში დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი, ეს არის რეალობა. ჯერ კონტექსტი უნდა იცოდე როდის რა განცხადება გააკეთო", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, 26 მაისს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში სამართლის სისტემას დიდი ისტორია აქვს და სამარცხვინოა, რომ ამ მემკვიდრეობას არ ვაგრძელებთ.
საერთო ფასეულობები მოიცავდა ყველაფერს, რაც დღეს ჩვენი ევროპული მომავლის გასაღებს წარმოადგენს, ანუ 4 მთავარი ფასეულობა და პრინციპი- სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს. ეს იქნება ანტიკური ხანის ჩვეულებითი სამართალი. მე-13 საუკუნის წიგნი "სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე", მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის სისხლის სამართლის თუ ვახტანგ მეექვსეს სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ" თქვა სალომე ზურაბიშვილი.