გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღეს ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 104 წლისთავს აღვნიშნავთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ყველას, ვისთვისაც სამშობლო და თავისუფლება უზენაესი ღირებულებებია, ვინც ცოცხლად ინახავს ჩვენს დიდ წინაპართა ნათელ ხსოვნას და ყოველდღიური შრომით საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში მონაწილეობს.
„26 მაისი ჩვენი თავისუფლების დღეა. დღე, რომელიც ყველაზე მეტად გვაერთიანებს საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღეს - დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს საამაყო ჯარს, გილოცავთ ყველა მასწავლებელსა თუ ფერმერს, ექიმს თუ მშენებელს, სპორტსმენს თუ ხელოვანს, ჯარისკაცსა თუ პოლიციელს, ჩვენს ახალგაზრდებს და ხანდაზმულებს - ყველას, ვისთვისაც სამშობლო და თავისუფლება უზენაესი ღირებულებებია, ვინც ცოცხლად ინახავს ჩვენს დიდ წინაპართა ნათელ ხსოვნას და ყოველდღიური შრომით საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში მონაწილეობს.
მსურს, განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს საამაყო წვევამდელებს, ვისაც წილად ხვდათ უდიდესი პატივი, ამ ღირსშესანიშნავ დღეს დადონ სამშობლოს ერთგულების ფიცი;
გულითადად ვულოცავ ქართულ დიასპორას მთელ მსოფლიოში; განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს ძმებსა და დებს. ჩვენ საერთო გვაქვს წარსული და მომავალიც ერთად, მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთპატივისცემით და თანამშრომლობით უნდა ვაშენოთ.
მადლიერების გრძნობით ვულოცავ ჩვენს უცხოელ მეგობრებს, ვის გულწრფელ თანადგომასაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განუწყვეტლივ ვგრძნობთ და ვინც ჩვენთან ერთად ზეიმობს დღევანდელ დღეს.
26 მაისს ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების, დიდი წინაპრების ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც სამშობლოს დამოუკიდებლობის იდეას ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.