ჯანდაცვის ორგანოებისა და ადგილობრივი მედიის ცნობით, მაიმუნის ყვავილის საეჭვო შემთხვევებს იკვლევენ ევროპის ქვეყნებში, ასევე აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში. იუწყება BBC.
ბოლო მონაცემებით, ინფექციური დაავადების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა საფრანგეთში, იტალიაში, შვედეთსა და ავსტრალიაში.
მანამდე გავრცელდა ცნობა დაავადების შემთხვევების აშშ-ში, ესპანეთსა და პორტუგალიაში დადასტურების, ასევე კანადაში 13 საეჭვო შემთხვევის კვლევის თაობაზე.
მაიმუნის ყვავილის შემთხვევები ძირითადად ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის შორეულ ნაწილებში ფიქსირდება. დაავადების შემთხვევების ამ რეგიონს მიღმა გამოვლენა, შესაძლოა, მოგზაურობას ან ცხოველთა იმპორტს უკავშირდებოდეს.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს და დაავადებული ადამიანების უმეტესობა გამოჯანმრთელდება რამდენიმე კვირაში.
ვირუსი ადვილად არ ვრცელდება ადამიანებს შორის და ფართო საზოგადოებისთვის რისკი ძალიან დაბალია.
დაავადების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში 7 მაისს დაფიქსირდა. პირველი პაციენტი ნიგერიაში იმყოფებოდა, სადაც როგორც ვარაუდობენ, დაინფიცირდა ვირუსით, ვიდრე ბრიტანეთში გაემგზავრებოდა.
ამჟამად დიდ ბრიტანეთში ცხრა დადასტურებული შემთხვევაა.
პირველი საეჭვო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ავსტრალიამ დღეს გაავრცელა. იუწყებიან, რომ მამაკაცს, რომელიც ევროპიდან დაბრუნდა, შესაძლოა ინფექცია ჰქონდეს.
თითო-თითო საეჭვო შემთხვევას იკვლევენ შვედეთში, იტალიასა და საფრანგეთში.
ხუთი დადასტურებული შემთხვევა ასევე დაფიქსირდა პორტუგალიაში, შვიდი ესპანეთში.
ჩრდილოეთ ამერიკაში, აშშ-ს მასაჩუსეტსის შტატის ჯანდაცვის ხელისუფლებამ ასევე დაადასტურა, რომ მამაკაცი დაინფიცირდა მაიმუნის ყვავილით. ინფიცირებული მამაკაცი კანადაში იმყოფებოდა, სადაც ასევე იკვლევენ 13 საეჭვო შემთხვევას.
ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, მამაკაცი ჰოსპიტალიზირებულია, "კარგ მდგომარეობაშია" და "არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის".
მაიმუნის ყვავილი იშვიათი ინფექციაა, რომელსაც პოქსვირუსი იწვევს. პოქსვირუსი იმავე გვარსა და ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ყვავილის გამომწვევი ვირუსი.
ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. თუმცა დაავდების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიც არის.
მაიმუნის ყვავილის ძირითადი სიმპტომებია გამონაყარი, ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება, შემცივნება და დაღლილობა.
უმეტესწილად მსუბუქად მიმდინარეობს და ორიდან ოთხ კვირამდე ვადაში იკურნება. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს.