გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლილსას, განაცხადა, რომ რუსეთთან ომის მიუხედავად, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ დაჩქარდება.
ამავე დროს, შოლცმა აღნიშნა, რომ ბლოკმა უნდა მოძებნოს "სწრაფი და პრაგმატული" გზები უკრაინის დასახმარებლად.
"ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ არის მოკლე... გაწევრიანების პროცესი არ არის რამდენიმე თვის ან წლის საკითხი", - თქვა შოლცმა და დასძინა, რომ უკრაინის მიმართ დაშვებული გამონაკლისი უსამართლობა იქნებოდა ბალკანეთის ქვეყნებისთვის, რომლებიც მრავალი წელია ელიან ევროკავშირში გაერთიანებას.
ამავდროულად, მან მხარი დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ "უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას წლები დასჭირდება, თუ არა ათწლეულები".
ოლაფ შოლცმა ასევე მხარი დაუჭირა უკრაინის აღდგენისთვის ევროპის სოლიდარობის ფონდის შექმნის იდეას.
"იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ომი დასრულდება და ერთი რამ უკვე ნათელია: დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენა, უკრაინის ეკონომიკის აღორძინება – ეს ყველაფერი მილიარდები დაჯდება", – განაცხადა მან. ამიტომ, მისი აზრით, ბრიუსელმა ახლა უნდა დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები, რათა შეიქმნას სოლიდარობის ფონდი ევროკავშირისა და საერთაშორისო პარტნიორების შენატანებზე დაყრდნობით.
ცოტა ხნით ადრე, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანებაზე მუშაობა მხოლოდ ევროკავშირისადმი "ნდობის საკითხს" და მის დაპირებებს არ ეხება. "ახლა უფრო მეტად, ვიდრე ადრე, მათი ინტეგრაცია ასევე აკმაყოფილებს ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს", - განაცხადა კანცლერმა.