საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპის დღესთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა ევროპარლამენტს.
ემანუელ მაკრონი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას თანამშრომლობის ახალი ფორმატი ევროპულ სახელმწიფოებს შორის, ახალი ტიპის "ევროპული პოლიტიკური საზოგადოება", რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს, მათ შორის უკრაინას და ბრიტანეთს, შეუერთდნენ ძირითად ევროპულ ღირებულებებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა "თავისი ბრძოლითა და გამბედაობით, უკვე არის ევროპის, ჩვენი ოჯახის, ჩვენი კავშირის წევრი", თუმცა დასძინა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას დრო სჭირდება.
"იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხვალ უკრაინას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ გაწევრიანების პროცესს წლები დასჭირდება - და სინამდვილეში, შესაძლოა რამდენიმე ათეული წელი. ეს არის რეალობა, თუ რა თქმა უნდა არ გადავწყვეტთ კანდიდატებისთვის სტანდარტების შემსუბუქებას. ჩვენ არ გადავხედავთ ჩვენს მიდგომას ევროპის ერთიანობისადმი", - განაცხადა მაკრონმა.
"მაგრამ ევროკავშირის ოფიციალური წევრობის გარეშეც კი, უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია, რადგან იგი გაბედულად იბრძვის ევროპისთვის", - დასძინა მან.