ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. არჩეული პრეზიდენტი, ალან გაგლოევი ეხმიანება ე.წ. მოქმედი პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განკარგულებას რუსეთთან გაერთიანების შესახებ "რეფერენდუმის" დანიშვნის თაობაზე.
გაგლოევის თქმით, იგი მხარს უჭერს "სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანებას", თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს "რეფერენდუმისთვის" შერჩეული დროის რელევანტურობას.
"მე, როგორც ჩემი ქვეყნის შვილი და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი სრულად ვუჭერ მხარს გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას ერთიან რუსეთში, სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანება ოსი ხალხის უძველესი ოცნებაა. სხვა საკითხია - დადგა თუ არა დღეს სწორედ ის ისტორიული მომენტი, როდესაც უნდა გამოიცეს განკარგულება რეფერენდუმის დანიშვნისა და მისი სწრაფად ჩატარების შესახებ", - განაცხადა გაგლოევმა.
ამავდროულად, გაგლოევი სვამს კითხვას, შეათანხმა თუ არა ბიბილოვმა რეფერენდუმის დანიშვნის საკითხი რუსეთის ხელმძღვანელობასთან, რადგან რუსეთთან დადებული შეთანხმების თანახმად, მხარეები კოორდინირებულად მოქმედებენ.
"მხარეები ატარებენ კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს ერთმანეთის ინტერესების ურთიერთგანხილვას თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში, ერთმანეთის ინფორმირებას ამ კუთხით განხორციელებული ქმედებების შესახებ. ჩნდება კითხვა - განახორციელა თუ არა ანატოლი ბიბილოვმა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქმედებები, კოორდინირება გაუწია თუ არა თავის გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილ პირებთან? იმედი მაქვს, რომ ეს ასეა, თორემ 1992 წლის რეფერენდუმის ბედი შეიძლება განმეორდეს. ვისაც დაავიწყდა, შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, რუსეთთან შეთანხმების გარეშე, ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში გაერთიანების რეფერენდუმები გაიმართა. გავიდა რვა წელი და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს მიზანს", - თქვა მან.
გარდა ამისა, გაგლოევმა განაცხადა, რომ გაუგებარია, როგორ არ შეათანხმა ბიბილოვმა მასთან რეფერენდუმის დანიშვნის საკითხი.
"გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა, არ შეთანხმებულიყო რეფერენდუმის თარიღი სამხრეთ ოსეთის არჩეულ პრეზიდენტთან, რადგან იცოდა, რომ მას უნდა გაეტარებინა რეფერენდუმისთვის რიგი სამართლებრივი ღონისძიებები, მით უმეტეს, საკადრო ცვლილებების პერიოდში. ფიქრობდა ანატოლი ბიბილოვი ასეთ ვითარებაში რეფერენდუმის მომზადების ხარისხსა და მის შედეგებზე?" – თქვა გაგლოევმა.
შეგახსენებთ, "საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის" შედეგებით, რომელიც 8 მაისს ოკუპირებულ ცხინვალში გაიმართა, "ნიჰასის" პარტიის ლიდერმა ალან გაგლოევმა „გაიმარჯვა“.
მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ალან გაგლოევის "ინაუგურაციას" 24 მაისს გეგმავენ, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება კი 17 ივლისს იგეგმება.