დღეს ფუძნდება „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია, რასაც წინ უძღოდა დიდი სამუშაოები და ნაყოფიერი შეხვედრები რეგიონებსა და თბილისში, ჩვენი გუნდის წევრ ქალებთან ერთად, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. კალაძის განმარტებით, საქართველოს პოლიტიკაში ქალთა ჩართულობას დიდი ისტორია აქვს.
"შორეულ წარსულს, თამარ მეფესა და რუსუდანს რომ არ გადავწვდე, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოსა და ევროპაში, რომლის 1921 წლის კონსტიტუცია ქალთა და მამაკაცთა საარჩევნო და არა მარტო საარჩევნო, ყველანაირ თანასწორობას უზრუნველყოფდა.
სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის დაკარგვიდან დღემდე, ქმედითი და არსებითი ნაბიჯები ამ მიმართულებით აღარ გადადგმულა, თუმცა, „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც მთელი რიგი ცვლილებები განახორციელა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერების მიმართულებით და შესაძლებელი გახადა, მეტი ქალი ჩართულიყო ქვეყნის საკანონმდებლო ცხოვრებაში.
ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ეკონომიკურ თუ საკანონმდებლო თავსებადობას არ გულისხმობს, ეს ნიშნავს პროგრესულ ღირებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ კულტურასა და ქალთა სათანადო ჩართულობას პოლიტიკაში.
პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალებს ორმაგი ძალისხმევის გაწევა უწევთ. დღემდე ყველაზე განვითარებულ დემოკრატიებშიც კი, იშვიათობაა აუნაზღაურებელი, უხილავი საშინაო შრომის ხილვადობის გაზრდა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრგან არსებობს ანაზღაურების კუთხით არსებული დისბალანსი ქალებსა და მამაკაცებს შორის, არაერთიო სხვა უთანასწორობა.
ამ საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელია, თუკი თავად ქალები არ იქნებიან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე.
დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია ღირსეულად და წარმატებით იმუშავებს ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რაც ჩვენს ქვეყანაში დგას ქალების წინაშე.
თქვენ, ახალ სტანდარტს დანერგავთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ კულტურაში და აუცილებლად მიაღწევთ დიდ წარმატებას!
წარმატებას, რომელიც თითოეულ თქვენგანს ეკუთვნის და რომლის მისაღწევადაც, მეც, პირადად, ყოველთვის გვერდში დაგიდგებით!", აცხადებს კალაძე.