რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას "სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ". იტყობინება ადგილობრივი მედია.
გავრცელებული ცნობით, "რეფერენდუმი" 17 ივლისს არის დანიშნული.
"კენჭისყრაზე" გამოტანილი შეკითხვა ასეთია: "უჭერთ თუ არა მხარს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანებას?"
"დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მხარი დაუჭირა ინიციატივას რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლის შესახებ. მასალები გადაგზავნილია სასამართლოში. ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და უკვე ძალიან მალე ჩვენი დიდი ოცნება ასრულდება", - დაწერა ბიბილოვმა ტელეგრამ-არხზე.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალში 8 მაისს გამართული ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტურის შედეგებით, ბიბილოვი ოპოზიციის კანდიდატთან, პარტია "ნიხასის" ლიდერთან, ალან გაგლოევთან დამარცხდა.
რუსეთის ოფიციალურ პირებს ბიბილოვის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.