„თუ მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება მკურნალობა, გადაყვანილ უნდა იქნას შესაბამის დაწესებულებაში და თუ შეთავაზება არის მან უნდა მიიღოს ეს სერვისი", - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი.
მისი განმარტებით, წინაპირობების დაყენება გაართულებს იმ მდგომარეობას, რაშიც იმყოფება.
"ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯერ თავის ჯანმრთელობაზე ეზრუნა, მერე დანარჩენზე. თავდებობის გარანტიას კანონი არ ითვალისწინებს. არ შეიძლება მსჯავრდებული განთავისუფლდეს რომელიმე დეპუტატის თავდებობით, ამიტომ მე ამას ვერ შეუერთდები, ეს ერთი და მეორე ამას აქვს პოლიტიკური ნაწილი, რასაც არ მალავენ. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, მე ვერ ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. მათი გადასაწყვეტია, როგორ დღის წესრიგის ქმნიან, მაგრამ ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ”,- განაცხადა იოსელიანმა.