აშშ-ის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს (DIA) ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი სკოტ ბერიერი აცხადებს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სულ მცირე 8 რუსი გენერალი დაიღუპა. ამის შესახებ ბერიერმა სენატში გამოსვლისას განაცხადა. იუწყება СNN.
შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება რუს სამხედროებს შორის გენერლებისა და ოფიცრების მსხვერპლის ზრდას. ამ დროისათვის ცნობილია, რომ უკრაინელებმა საბრძოლო მოქმედებების დროს 8-დან 10-მდე რუსი გენერალი გაანადგურეს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია ომის წარმოების თანამედროვე პირობებში.
რუსეთმა სამ თვეზე ნაკლებ დროში უფრო მეტი გენერალი დაკარგა, ვიდრე აშშ-მა ავღანეთში 20-წლიანი კონფლიქტის პერიოდში.
ამერიკელი სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დიდი მსხვერპლი გენერლებს შორის შესაძლებელია ნაწილობრივ აიხსნას შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის დაზვერვის მონაცემების მიწოდებით.
ასევე არსებობს ვარაუდი, რომ რუსი გენერლები იძულებული არიან იმოქმედონ ფრონტის ხაზთან, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან მათი განადგურების შანსები ძალიან მაღალია.
ბერიერის შეჯამებით, უკრაინას უკეთესად მომზადებული ჯარისკაცები ჰყავს, ვიდრე რუსეთს. ამასთან, უკრაინელები მოტივირებულები არიან თავიანთი სამშობლოს დასაცავად. რუსეთის შორეული ოლქებიდან უკრაინაში გადასროლილ რუს სამხედროებს კი მოტივაცია არ გააჩნიათ.