უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში კიდევ ოთხი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა - ჩერკასკი ტიშკი, რუსკი ტიშკი, რუბიჟნე და ბაირაკი. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ინფორმაციით, მტერი აღმოსავლეთ ოპერაციულ ზონაში ზრდის სტრატეგიული შეტევითი ოპერაციის ჩატარების ტემპებს. ცეცხლს ხსნის შეხების ხაზის გასწვრივ და უკრაინის თავდაცვის ძალების სიღრმეში. ოკუპანტების შედარებით მეტი აქტივობა შეინიშნება სლობოჟანსკისა და დონეცკის მიმართულებებით.
გენშტაბის ცნობით, ნარჩუნდება სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმების მაღალი ალბათობა.
სივერსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს უკრაინა-რუსეთის საზღვრის გაძლიერებულ დაცვას ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში. სევეროდონეცკის მიმართულებით გრძელდება უშედეგო მცდელობები რუბეჟნოეზე კონტროლის დასამყარებლად.
სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს არსებული ქვედანაყოფების გადაჯგუფებას. ახორციელებს მოწინავე პოზიციებისთვის საინჟინრო და საფორტიფიკაციო სამუშაოებს, აძლიერებს საჰაერო თავდაცვის სისტემას და ზრდის სამედიცინო დახმარების შესაძლებლობებს.
მტერი ახორციელებს შტურმს ლუჰანსკის ოლქში დასახლებული პუნტქების - ნიჟნეეს, ტოშკოვკისა და ორეხოვოს წინააღმდეგ, წარმატებები არ აქვთ.
დონეცკის მიმართულებით ოკუპანტებს ჰქონდათ შტურმის მცდელობები ქალაქ მარიინკას მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.
ქალაქ მარიუპოლში მტერი აგრძელებს „აზოვსტალის“ ქარხნის შტურმს იქ მყოფი უკრაინის ძალების წინააღმდეგ. იყენებს საარტილერიო ცეცხლს.
ამასთან, გენშტაბის ინფორმაციით, მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში კვლავ მოქმედებს ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე.
ფოტო: არქივი