სერბეთში კენჭისყრისთვის ემზადებიან. უნდა გადაწყდეს, ვინ გახდება 2015 წელს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძელი - არჩევანი თბილისსა და ბრნოს შორის უნდა გაკეთდეს. გადაწყვეტილება ოლიმპური კომიტეტის 49 წევრმა უნდა მიიღოს. კენჭისყრა დღეს, თბილისის დროით 12:00 საათისათვის დაიწყება.
"თბილისი 2015" - შესაბამისი ბანერები ბელგრადის სასტუმრო "ჰაიატის" ფოიეში უკვე განთავსებულია. აღსანიშნავია, რომ ასამბლეაზე ქალაქის მერი სტუმრებს მიმართავს და ეტყვის რომ თითოეული თბილისელი და თბილისის ხელმძღვანელობა ყველა ღონეს იხმარს, რომ დედაქალაქმა უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს ამ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას.
თბილისის წარდგინების მსვლელობისას ნაჩვენები იქნება ვიდეომიმართვა. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუმრებს დაარწმუნებს, რომ თბილისი მშვიდობისა და სპორტული ღონისძიებებისთვის იქნება მზად და თითოეული სტუმარი ჩვენს დედაქალაქში თავს ძალიან კომფორტულად იგრძნობს.