ჩემთვის ამოუცნობია, როგორ შეიძლება, ასეთ ამაყ და ძლიერ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
"მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. შესანიშნავი ხალხია. ძალიან ამაყი და ძლიერი ხალხია. ჩემთვის უბრალოდ ამოუცნობია, როგორ შეიძლება, ასეთ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია. თუმცა ოლიგარქები ძალიან სპეციფიკური სუბიექტები არიან, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირში. ისინი ხშირად არ შეესაბამებიან იმ ხასიათსა და ბირთვს, რაც რეალურად აქვს ხალხს. მე ქართველები ძალიან მომწონს, სამწუხაროდ, სასურველი იქნებოდა, გაიხსენონ, რომ ძალიან ძლიერი და ამაყი ადამიანები არიან“, - ამბობს პოდოლიაკი.
მისი თქმით, საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს
„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის და არა ხალხის პოზიცია აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს, არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციას, როგორიც აქვთ ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს“, - თქვა მან.