საქართველო-ფინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მატიას მარტინენმა და მეგობრობის ჯგუფის წევრებმა სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზი მოინახულეს.
სტუმრებმა საინფორმაციო ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ საოკუპაციო მოქმედებებზე ინფორმაცია მოისმინეს და მავთულხლართებით გაყოფილი საოკუპაციო ხაზი დაათვალიერეს.
"ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვისმინეთ. ფინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ასევე გავაძლიერეთ ორმხრივ ურთიერთობებს და მივესალმებით საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველო-ფინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა მატიას მარტინენმა.
ფინელ კანონმდებლებთან ერთად საოკუპაციო ხაზი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, ფინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარიამ ლაშხმა და პარლამენტის წევრმა, ხათუნა კვიციანმა მოინახულეს.
"ფინეთის საპარლამენტო დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას. ფინელ კოლეგებს ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევები კარგად აქვთ გაცნობიერებული, რადგან ჩვენ ორივე ქვეყანას რუსეთის ფედერაციასთან საერთო საზღვარი გვაკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ფინეთი ყოველთვის მხარს უჭერს ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ამ დამოკიდებულებას ყველა საერთაშირისო ფორუმზე აფიქსირებენ. საოკუპაციო ხაზთან დღევანდელი ვიზიტით ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდა", - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.