რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა, 9 მაისს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს, რაც მას საშუალება მისცემს, მოახდინოს რუსეთის სარეზერვო ძალების სრული მობილიზებას აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის დაპყრობის მიზნით. იტყობინება ტელეარხი CNN ამერიკელ და დასავლეთის სხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
დასავლელი ოფიციალური პირები დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ პუტინი 9 მაისის სიმბოლურ მნიშვნელობას პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენებს და უკრაინაში სამხედრო წარმატების მიღწევის ან საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის შესახებ გამოაცხადებს.
ამ დროისთვის, რუსეთის ფედერაცია კვლავ ამტკიცებს, რომ უკრაინაში გაჩაღებული ომი არის "სპეციალური სამხედრო ოპერაცია", რომლის მთავარი მიზანია "დენაციფიკაცია".
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი ვარაუდობს, რომ პუტინი ეცდება "სამხედრო ოპერაციაზე" უარი თქვას და ომის გამოცხადების სცენარისთვის ემზადება.
"ის ამზადებს სცენარს, რომ თქვას – "აი, შეხედეთ, ეს ახლა არის ომი ნაცისტების წინააღმდეგ და მე მჭირდება მეტი ხალხი, მე მჭირდება მეტი რუსული საზარბაზნე ხორცი", - თქვა უოლესმა.
ომის ოფიციალურად გამოცხადება საშუალებას მისცემს პუტინს, რუსული კანონმდებლობის თანახმად, მოახდინოს სარეზერვო ძალების მობილიზება და წვევამდელების გაწვევა, რომლებიც ოფიციალური პირების თქმით, რუსეთს ძალიან სჭირდება ჯარისკაცების მზარდი დეფიციტის ფონზე.
CNN-ის ცნობით, დასავლეთის ოფიციალური პირები 9 მაისს რუსეთის გეგმების შესახებ სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ. ერთ-ერთი ვერსიით, რუსეთი ეცდება აღმოსავლეთ უკრაინაში ლუგანსკის და დონეცკის ოლექების ტერიტორიების ანექსიას და ოდესაზე თავდასხმების გაძლიერებას.
აშშ-ის ელჩმა ეუთო-ში მაიკლ კარპენტერმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს "უაღრესად სანდო" სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი შეეცდება ლუგანსკის და დონეცკის ანექსიას "მაისის შუა რიცხვებში". ასევე არსებობს მინიშნებები, რომ რუსეთი გეგმავს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ხერსონში "სახალხო რესპუბლიკის" გამოცხადებას.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, არსებობს საფუძვლიანი მიზეზი იმის ვარაუდის, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ 9 მაისი პროპაგანდისტური მიზნებისთვის გამოიყენოს.
"დიდი ირონია იქნება, თუ მოსკოვი გამოიყენებს გამარჯვების დღეს ომის გამოცხადებისთვის, რაც თავისთავად საშუალებას მისცემს მათ გაზარდონ წვევამდელების რაოდენობა", - თქვა პრაისმა.