შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ბირთვული ავიამზიდი USS Abraham Lincoln (აბრაამ ლინკოლნი) იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალებთან ერთად, იაპონიის ზღვაში სამხედრო წვრთნებს მართავს. ამის შესახებ იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა, ჰიროკაძუ მაცუნომ განაცხადა.
მაცუნოს განცხადებით, წვრთნები ორმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად არის გამიზნული და "არ არის მიმართული არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ".
ტელეარხის NHK-ის ცნობით, 11 აპრილს აბრაამ ლინკოლნი იაპონიის კუნძულ ცუშიმას მახლობლად დააფიქსირეს.
მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წვრთნები შესაძლოა მიზნად ისახავდეს "ჩრდილოეთ კორეის შეკავებას", რომელმაც ბოლო ხანებია, გააქტიურა ბალისტიკური რაკეტების გამოცდა.
იაპონიის მხრიდან მანევრებში მონაწილეობს გამანადგურებელი "ინაძუმა".
ბოლოს ამერიკული ავიამზიდი იაპონიის ზღვაში 2017 წლის ნოემბერში შევიდა.
შეგახსენებთ, გასული წლის აგვისტოში, ცნობილი გახდა, რომ ავიამზიდ "აბრაამ ლინკოლნის" მეთაურად, პირველად ისტორიაში, ქალი დაინიშნა.