ის, რაც უკრაინაში ხდება, ტრაგედიაა, მაგრამ რუსეთს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კოსმოდრომ "ვოსტოჩნიზე" განაცხადა, სადაც ბელარუსის ავტოკრატ ლიდერ ლუკაშენკასთან ერთად იმყოფებოდა.
"რაც ხდება უკრაინაში არის ტრაგედია, მაგრამ ალექსანდრ გრიგორიევიჩმა [ლუკაშენკამ] სწორად თქვა: არჩევანი არ იყო. უბრალოდ სხვა არჩევანი არ იყო, ერთადერთი კითხვა იყო, თუ როდის დაიწყებოდა. სულ ეს იყო", - თქვა პუტინმა სააგენტო "ტასის" ცნობით.
ამავე შეხვედრაზე, ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბუჩის ხოცვა-ჟლეტა "ინგლისელების სპეცოპერაცია" იყო.
"ეს, როგორც ბუჩაში... ამ პოლიტიკაზე ვმსჯელობდით - ყველა ყვირის, სხვა პაკეტის შემოღება იყო საჭირო [სანქციების], ეს ვიცით. დეტალურად განვიხილეთ მათი ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, რომელიც ინგლისელებმა ჩაატარეს. რუსეთს სპეციალური ოპერაცია რომ დაეგვიანებინა, მაშინ რუსეთის ტერიტორიაზე განახორციელებდნენ, როგორც ისინი ამბობენ გამანადგურებელ დარტყმას და მეზობელ ოლქებშიც", - განაცხადა ლუკაშენკამ.
ამასთან, ლუკაშენკა დაეთანხმა პუტინის განცხადებას, რომ უკრაინაში ომი "გარდაუვალი" იყო.