აგრესორი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბუჩაში არსებულ შოკისმომგვრელ ვითარებას "ფეიკთავდასხმა" უწოდა.
"სიტუაცია ბუჩაში - ეს არის ინსცენირება, რომელსაც სოციალური ქსელებით დასავლეთი და უკრაინა ავრცელებენ", - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთი ბუჩაში არსებულ სიტუაციას აფასებს პროვოკაციად, რომელიც მსოფლიო უსაფრთხოებისთვის წარმოადგენს საფრთხეს.
ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი ბრიტანეთისგან მოითხოვს შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობა და "მოიწვიოს სხდომა ბუჩაში არსებული სიტუაციის შესახებ".
აგრესორმა ლავროვმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ "დასავლეთს აქვს სპეკულაციის მცდელობები უკრაინაში ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით".
შეგახსენებთ, კიევის ოლქის ქალაქების გათავისუფლების შემდეგ უკრაინელ სამხედროებს უმძიმესი ვითარება დახვდათ. ქალაქების ქუჩებში მიმოფანტული იყო რუსი ოკუპანტების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები.
რუსი სამხედროები წამებით ხოცავდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, აუპატიურებდნენ ქალებს. ქალაქ ბუჩის მერის განხადებით, უკვე დაკრძალეს 300-მდე ცხედარი, თუმცა ქალაქში უამრავი ცხედარი რჩება. უმძიმესი კადრები სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა, რომლებიც გათავისუფლებულ დასახლებებში იმყოფებოდნენ.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით, მათ აქვთ მტკიცებულებები რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისა.
ბუჩაში რუსეთის მიერ დატრიალებული სისასტიკე მკაცრად დაგმეს დასავლეთის ლიდერებმა.
უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, ოკუპანტებისაგან გათავისუფლებული კიევის ოლქის დასახლებებში, რუსი სამხედროების მიერ დახოცილი 410 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ზოგიერთ მათგანს ზურგსუკან ხელები აქვს შეკრული და თავში აქვთ ნასროლი. ცხედრებზე ჩანს წამების კვალი.