ტყუილში ჩვენი დადანაშაულება იწვევს არასასურველ დაძაბულობას, მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 დიპლომატის კანდიდატურა, ყველას დანიშვნაზე პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, - ამის შესახებ აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც პასუხობენ მთავრობის ადმინისტრაციის დღევანდელ განცხადებას.
„საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ იმეორებს: 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „რეალურ სურათს არ ასახავს ინფორმაცია, თითქოს ბოლო ერთ წელიწადში პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში“.