საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში ერთი ადგილით დაწინაურდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადელთა 22:15 დამარცხების შედეგად რაგბის საერთაშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგში თავის მონაგარს 1.024 ქულა შემატა, ჯამში 67.40 ქულა დააგროვა და ტონგას ნაკრებს 0.05 ქულით გაასწრო, რამაც რიჩი დიქსონის გუნდს მე-16 საფეხურის დაკავების საშუალება მისცა.
27 ნოემბერს ქართველები აშშ-ს მასპინძლობენ და ამ მატჩის შედეგი რეიტინგზე უთუოდ აისახება. თუ საქართველომ მეტოქეს 15-ზე ნაკლები ქულით სძლია, რეიტინგს 0.810 ქულას შემატებს, ჯამში 68.21 დაუგროვდება, აშშ-ის ქულები 67.69-მდე შემცირდება და საქართველოს ნაკრები მას მე-15 ადგილს წაართმევს. 15 და მეტი ქულით მოგების შემთხვევაში, წინსვლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება.
"ბორჯღალოსნებს" 1.215 ქულა დაერიცხებათ (ჯამში 68.62) და მე-15 პოზიციაზე უფრო მყარად დამკვიდრდებიან. ორივე ამ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს კიდევ უფრო ზევით, მე-14 ადგილზე ასვლის შანსი ექნება, ოღონდ საამისოდ, კანადამ პორტუგალიაში ადგილობრივ ნაკრებს ვერ უნდა აჯობოს. მარცხზე რომ არაფერი ვთქვათ, ფრეს შემთხვევაშიც კი, მათი ქულები 68.18-მდე შემცირდება და "ბორჯღალოსნები" მათ გასწრებას მოახერხებენ.
თუ "ბორჯღალოსნები" ამერიკასთან დამარცხდებიან ან ფრედ ითამაშებენ, უკუსვლას ვერ გადაურჩებიან. ფრეს შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები 0.190 ქულას დაკარგავს და კვლავ მე-17 ადგილზე დაქვეითდება, 15 ქულაზე ნაკლები ანგარიშით მარცხისთვის, 1.190 ქულას დაკარგავს, ხოლო უფრო დიდი სხვაობით წაგების შემთხვევაში 1.785 ქულას. სამივე ამ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მე-17 ადგილს არ ჩასცდება, მაგრამ რუსეთი ძალიან მიუახლოვდება.
IღB-ის მსოფლიო რეიტინგი:
1 (1). ახალი ზელანდია 93,19
2 (3). ავსტრალია 85,90
3 (2). სამხრეთ აფრიკა 85,31
4 (4). ინგლისი 83,61
5 (5). საფრანგეთი 83,21
6 (8). შოტლანდია 81,20
7 (6). ირლანდია 80,90
8 (7). არგენტინა 79,87
9 (9). უელსი 77,04
10 (10). ფიჯი 75,02
11 (11). სამოა 74,02
12 (12). იტალია 72,35
13 (13). იაპონია 71,45
14 (14). კანადა 68,59
15 (15). აშშ 68,50
16 (17). საქართველო 67,40
17 (16). ტონგა 67,35
18 (18). რუსეთი 65,56
19 (19). რუმინეთი 65,03
20 (20). ნამიბია 61,79
21 (22). პორტუგალია 61,53
22 (21). ურუგვაი 61,45
23 (23). ესპანეთი 57,51
24 (24). ჩილე 56,68
25 (25). ბელგია 56,44
26 (26). მაროკო 56,11
27 (27). ყაზახეთი 55,20
28 (28). ბრაზილია 54,56
29 (29). უკრაინა 54,35
30 (36). ჩეხეთი 53,30