ერთი რამ შეიძლება, დარწმუნებით ვთქვათ, რომ ხვალინდელი მსოფლიო არასოდეს აღარ იქნება ის, რაც იყო აქამდე. ეს არის უდავოდ უკრაინელების დამსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში უკრაინისადმი სოლოდარობის საღამო გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობასა და მეგობრობაზე ისაუბრა.
„ყველამ ვიცით, რომ ხვალინდელი მსოფლიო იქნება სხვა. როგორი იქნება ხვალინდელი რუსეთი, ხვალინდელი ევროპა, ხვალინდელი ჩართულობა ამერიკის ამ ახალ ვითარებაში, ამას დღეს ვერ ვიტყვით, მაგრამ ერთი რამ შეიძლება, დარწმუნებით ვთქვათ, რომ ხვალინდელი მსოფლიო არასოდეს აღარ იქნება ის, რაც იყო აქამდე. ეს არის უდავოდ უკრაინელების დამსახურება. ამიტომ, დღეს თუ შეგვიძლია აქ ვთქვათ, რა გვინდა, გვინდა კიდევ უფრო ძლიერი ამერიკა, კიდევ უფრო ჩართული ამერიკა, კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა უკრაინისთვის. ჩვენ ამას ჩვენთვის არ ვითხოვთ, მაგრამ რეალურად ჩვენთვისაც ვითხოვთ, მათთვისაც, დანარჩენი ევროპისთვისაც. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, პერიოდი. ყველას არ შეუძლია ერთნაირად გამოხატოს სოლიდარობა. ცხადია, არიან დიდი და პატარა ქვეყნები. ჩვენ არ გვიცავს მე-5 მუხლი, ეს არის ჩვენი მისწრაფება, რომ ერთ დღეს ჩვენც ვიყოთ იმ ხაზის მეორე მხარეს, სადაც შეიძლება, იყო უფრო გამბედავი და უფრო სხვანაირად გამოთქვა შენი ხედვა და მხარდაჭერა, მაგრამ სოლიდარობა ყველას გვევალება. დღეს ყველა სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ მათ მადლობას ვუცხადებთ. მადლობას ვუცხადებთ ამერიკის სახელმწიფოს მისი მთელი ამ წლების პოლიტიკისთვის. ჩვენ მას ვთხოვთ, ხვალინდელი დღეც დადგება, ომის შემდეგი დღე, როდესაც დაიწყება აღმშენებლობა, იქაც საჭირო იქნება ძალიან დიდი ჩართულობა. ახალი მარშალის გეგმა უკრაინისთვის, ახალი მიდგომები ახალი მსოფლიოსთვის“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.