ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დასრულდა დრო, როდესაც რუსეთი ევროპას თავისი ენერგეტიკული რესურსებით აშანტაჟებდა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის ეს განცხადება უკავშირდება პუტინის გადაწვეტილებას, რომლის თანახმადაც რუსული ნავთობისა და გაზის ღირებულების გადახდა რუსული რუბლით უნდა განხორციელდეს.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მოთხოვნა, რომ გაზისა და ნავთობის ღირებულება რუბლით გადაიხადონ, კონტრაქტის პირობების დარღვევაა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე თქვა, რომ რუსეთს არ მიეცემა უფლება მოითხოვოს რუბლით გადახდა ნავთობისა და გაზისთვის, რადგან ეს სანქციების გვერდის ავლით იქნება.
"ეს იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება და კონტრაქტის პირობების აშკარა დარღვევა. ეს ასევე იქნება [ევროკავშირის] სანქციების გვერდის ავლის მცდელობა, რასაც არ დავუშვებთ. დრო, როდესაც ენერგეტიკული რესურსების გამოყენება შესაძლებელი იყო ჩვენს დასაშანტაჟებლად, დასრულდა", - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ასევე უარი თქვა რუბლებში გადახდაზე და თქვა, რომ გადახდების ვალუტა უკვე მითითებულია კონტრაქტებში.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ევროკავშირი რუსული ნავთობისთვის ემბარგოს დაწესებას განიხილავს. რუსული გაზის ემბარგოსთან დაკავშირებით, ევროკავშირში ერთიანი პოზიცია ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებულა, რადგან ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის გერმანია და იტალია დიდწილად არიან დამოკიდებულნი რუსულ გაზზე.