ევროკავშირის ლიდერები და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროკავშირის, დიდი შვიდეულისა და ნატოს სამიტების ფარგლებში, რუსეთს წინააღმდეგ სანქციების გაფართოების საკითხს განიხილავენ. იუწყება სააგენტო Reuters-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.
ევროკავშირი სანქციების ახალი პაკეტის განხილვას საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ორშაბათს წარმართავს. აშშ-ის პრეზდენტი ბაიდენი ევროპელ ლიდერებს ბრიუსელში ხუთშაბათს შეუერთდება.
წყაროების თანახმად, ევროკავშირი უკვე მუშაობს სანქციების მეხუთე პაკეტზე, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს კავშირის ქვეყნების მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესებას.
რუსულ ნავთობზე ემბარგო აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა უკვე დააწესეს.
ევროპაში, ნავთობის ემბარგოს საკითხზე მოსაზრებები განსხვავებულია. ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსული ნავთობის ემბარგოს მომხრენი არიან. Reuters-ის წყაროების თქმით, ემბარგოს წინააღმდეგია გერმანია, უფრო მეტად, ვიდრე რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებული სხვა ქვეყნები. გერმანია შიშობს, რომ რუსეთმა ნავთობზე ემბარგოს საპასუხოდ შესაძლოა გაზის მიწოდება შეწყვიტოს.
როგორც იუწყებიან, საფრანგეთი ემხრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, ზოგიერთი ქვეყანა "უფრო მგრძნობიარეა ნავთობსა და გაზის დაკავშირებით", მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხზე ტაბუ არ არსებობს.
წყაროები აღნიშნავენ, რომ სანქციების შესახებ ევროკავშირის ყველა გადაწყვეტილება მოითხოვს კონსენსუსს, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ საფრანგეთის პოზიცია, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს, გადამწყვეტი იყოს.