გასულ წელს მარტვილში, წალენჯიხასა და ჩოხატაურში აშენდა საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი შენობები. თანამედროვე შენობები მორგებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა საჭიროებებზე და შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ახალ შენობებში მეხანძრე-მაშველების საქმიანობისთვის ყველა აუცილებელი პირობაა შექმნილი. მისივე თქმით, 2022 წელს დასრულდება სახანძრო-სამაშველო შენობების სამშენებლო სამუშაოები კასპში, ხულოში, ბორითსა და ონში.
„2022 წელს დასრულდება ახალი სახანძრო-სამაშველო შენობების სამშენებლო სამუშაოები კასპში, ხულოში, ბორითსა და ონში. დაგეგმილია სხვადასხვა სახის აღჭურვილობისა და ინვენტარის შეძენა, ფორმის განახლება. გაგრძელდება პროექტის - "მოხალისე" იმპლემენტაცია, სადაც ეტაპობრივად ჩაერთვება საქართველოს სხვადასხვა რეგიონი.
მოხდება ინტერაქტიული რუკის სრულყოფა, რომლის მეშვეობით შესაძლებელი გახდება: სახანძრო/სამაშველო ჯგუფების გადაადგილების ონლაინხედვა და მათი სტატუსების მონიტორინგი, ინციდენტამდე მისასვლელი ოპტიმალური გზებისა და გზის დატვირთულობის განსაზღვრა. ასევე, კავშირის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, იგეგმება რადიო და ფიჭური კავშირის დაფარვის ზონების გაფართოება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.