აგრესორი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში "სპეციალური ამხედრო ოპერაცია" წინასწარ დამტკიცებული გეგმის მკაცრი დაცვით მიმდინარეობს და კიევთან რუსული ჯარების გამოჩენა უკრაინის ოკუპაციის განზრახვას არ უკავშირდება.
"რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკას, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა შეიმუშავა, მან სრულად გაამართლა. ჩვენი ბიჭები, ჯარისკაცები და ოფიცრები იჩენენ სიმამცესა და გმირობას. აკეთებენ ყველაფერს, რაც მათზეა დამოკიდებული, რომ თავიდან აირიდონ უკრაინის ქალაქების მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლი", - ამტკიცებს დიქტატორი პუტინი.
მსოფლიო მედიასაშუალებები ყოველდღე დაბომბილი საცხოვრებელი სახლებისა და განადგურებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის კადრებს ავრცელებენ. რუსები ბომბავენ საავადმყოფოებს, სამშობიარო სახლებს, სკოლებს, იღუპება ასობით ადამიანი, ბავშვები და ამ ფონზე დიქტატორი ცინიკურად ამტკიცებს, რომ დარტყმებს მხოლოდ სამხედრო ობიექტებს აყენებენ.
აგრესორი პუტინის მტკიცებით, "ოპერაციის" დაწყებისას დონბასში, უაზრო სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად კიევს შესთავაზეს არ ჩართულიყო სამხედრო მოქმედებებში და გაეყვანა ჯარები დონბასიდან. "არ მოინდომეს. რას ვიზამთ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. გაცნობიერება კი იმისა, რაც ხდება რეალურად დედამიწაზე, გარდაუვალი იქნება", - თქვა პუტინმა.
მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა ჩაშალეს უკრაინის გეგმები, რომელიც დონბასისა და შემდეგ ყირიმის წინააღმდეგ "შეტევის დაწყებას აპირებდა".
პუტინი აგრძელებს მტკიცებას, რომ უკრაინას სურდა ბირთვული იარაღის შემუშავება და ატარებდა სამხედრო-ბიოლოგიურ პროგრამებს აშშ-ის ხელმძღვანელობით.
ამასთან, დიქტატორმა განაცხადა, რომ დოლარისადმი ნდობა, როგორც ძირითადი სარეზერვო ვალუტა, შერყეულია, უცხოეთში რუსული ბიზნესის აქტივების გაყინვა კი რუსი ბიზნესმენებისთვის გაკვეთილია, რომ სამშობლოში ინვესტიციების განხორციელებაზე საიმედო არაფერია.
"მე არ განვსჯი მათ, ვისაც ვილები აქვს მაიამიში, ვისაც უყვარს ფუა-გრა. მაგრამ არიან ისინი, ვისაც სურს წარმოადგენდეს "უმაღლეს კასტას", იყოს დასავლეთში. მათ მხოლოდ იყენებენ", - თქვა პუტინმა.
მისი თქმით, დასავლთეს სურს რუსეთი სუსტ, დამოკიდებულ ქვეყნად გადააქციოს და ფსონის დადებას "მეხუთე კოლონაზე" ცდილობს. "ერის გამყიდველებზე, მათზე, ვინც ფულს შოულობს აქ ჩვენთან, მაგრამ ცხოვრობს იქ. და ცხოვრობს ამ სიტყვის არა გეოგრაფიული გაგებით, არამედ თავისი აზროვნებით, თავისი მონური ცნობიერებით", - თქვა დიქტატორმა.
შეგახსენებთ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი არაერთმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმაც.