უკრაინაში უკვე ხვდებიან, რომ ქვეყანა ნატო-ს წევრი ვერ გახდება და საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"გვესმის. ჩვენ ადეკვატური ადამიანები ვართ. წლების განმავლობაში გვესმოდა ღია კარის შესახებ, მაგრამ ისიც მოვისმინეთ, რომ იმ კარში ვერ შევალთ. და ეს მართალია, ეს უნდა ვაღიაროთ. მიხარია, რომ ჩვენ ხალხს ეს ესმის და თავისი თავის და ჩვენი პარტნიორების იმედი უნდა ჰქონდეს, რომლებიც გვეხმარებიან", - განაცხადა ზელენსკიმ 15 მარტს გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (Joint Expeditionary Force) ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაზე.
ზელენსკის განცხადებით, ნატო-ს რამდენიმე წევრი რუსეთის აგრესიით არის ჰიპნოზირებული.
"ჩვენ გვესმის ბევრი საუბრები, რომ თითქოს შეიძლება მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს, თუ ნატო უკრაინის ცას რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის დახურავს. ეს საშუალებას აძლევს რუსეთის არმიას დაბომბოს მშვიდობიანი ქალაქები და საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფოები და სკოლები. დილით დაიბომბა, კიევის ოთხი მრავალსართულიანი შენობა. ათობით ადამიანი დაიღუპა. ჩვენ ყველანი ვართ რუსეთის სამიზნეები და ამიტომ ყველაფერი იქნება ევროპის საწინააღმდეგოდ, თუ უკრაინა მყარად არ იქნება. მინდა ჩვენი დახმარებით საკუთარ თავსაც დაეხმაროთ“, - თქვა ზელენსკიმ.
შეხვედრას, რომელსაც ბრიტანეთი მასპინძლობდა, დანიის, ფინეთის, ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, შვედეთის და ნორვეგიის ლიდერები ესწრებოდნენ.