უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 16 მარტს აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას სიტყვით მიმართავს. ამის შესახებ ნათქვამია წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსისა და სენატის უმრავლესობის ლიდერის ჩაკ შუმერის ერთობლივ განცხადებაში.
პელოსისა და შუმერის განცხადებით, ვირტუალური მიმართვა ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე დაიწყება.
"კონგრესი, ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო გაოცებულია უკრაინელის ხალხით, რომელიც იჩენს განსაკუთრებულ სიმამაცეს, გამძლეობასა და მონდომებას რუსეთის არაპროვოცირებული, სასტიკი და უკანონო ომის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონგრესი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას პუტინის აგრესიის წინააღმდეგ და ასევე მზადაა მიიღოს კანონები, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის იზოლაციასა და მისი ეკონომიკის ჩამოშლას, ასევე უკრაინაისთვის ჰუმანიტარული, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური დახმარების გაწევას.
"მოუთმენლად ველით პრეზიდენტის ზელენსკის მიმართვას წარმომადგენელთა პალატასა და სენატში და გვინდა ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს, რომელიც გაბედულად იცავს დემოკრატიას", - ნათქვამია წერილში.