საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლიას ხელისუფლებასა და ოპოზიციას უკრაინისა და ევროკავშირში გაწვეერიანების საკითხზე ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა.
„მინდა მივმართო მთავრობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ამ ურთულეს პერიოდში გამოყენებული იქნას ყველა ძალისხმევა, რათა შევძლოთ ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება: ერთი მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და მეორე მხრივ, უკრაინასთან მიმართებაში. ისე რომ, არცერთი საკითხი არ იქნას გამოყენებული ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებისათვის. მივესალმები გაწევრიანების შესახებ პრემიერის განცხადებას, მივესალმები რეზოლუციას, რომელიც მუშავდება პარლამენტში და ყველას მოვუწოდებ, რომ ეს რეზოლუცია ერთსულოვნად იქნას მიღებული. ასევე, გავეცანი რამდენიმე არასამთავრობოს მიერ შექმნილ განცხადებას, საზოგადოების სხვა პეტიციებს, თუ ინიციატივებს, რომლებსაც ასევე მივესალმები“, - თქვა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც განახორციელებს კოორდინაციას, რათა გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად იქნას შესრულებული.
„გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული. ის განახორციელებს კოორდინაციას, რათა გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად იქნას შესრულებული, როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ხდება“,- თქვა პრეზიდენტმა.