უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის შედეგად დაიღუპა 85 ბავშვი, 100-ზე მეტი კი დაიჭრა.
უწყება რამდენიმე მონაცემს ავრცელებს:
11 მარტს ევაკუაციის მცდელობისას ოკუპანტებმა დაცხრილეს სამოქალაქო ავტომობილი. დაიღუპა ერთი ბავშვი - ნორჩ ფეხბურთელთა გუნდის "ათლეტის" წევრი.
ასევე იმავე დღეს, საღამოს ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონში ბლოკპოსტზე დამპყრობლებმა ცეცხლი გაუხსნეს მსუბუქ ავტომობილს. დაიღუპა ერთი ბავშვი და ერთი ქალი.
12 მარტს საავტომობილო გზაზე ბალაკლეას რაიონში, გუსაროვკის დასახლებაში ცეცხლი გაუხსნეს კერძო ავტომობილს, დაიღუპა ოჯახის ყველა წვერი, მათ შორის 3 წლის ბავშვი.
პროკურატურის მონაცემებით, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია 369 სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 77 მთლიანად არის დანგრეული. ყოველდღიურად 20-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება იბომბება.
ამის გარდა, დაიბომბა 11 სამკურნალო დაწესებულება და რეაბილიტაციის 3 ცენტრი მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრი.
უწყება აღნიშნავს, ზუსტი მონაცემების მოპოვებას ხელს უშლის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები.
ფოტო: AP