უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდმირ ზელენსკი აცხადებს, რომ, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, მზადაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ისრაელში, კერძოდ იერუსალიმში შეხვდეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უცხოურ მედიასთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მე ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენეტის. ვუთხარი, რომ არასწორი და არაკოსნტრუქციულია უკრაინაში, რუსეთსა და ბელარუსში შეხვედრა. ეს ის წერტილები არ არის, სადაც ურთიერთგაგების მიღწევასა და ომის შეჩერებას შევძლებთ. მე ვსაუბრობ არა ტექნიკურ, არამედ ლიდერების შეხვედრაზე. მიმაჩნია თუ არა, რომ ისრაელი და განსაკუთრებით იერუსალიმი, შესაძლოა, ასეთი ტერიტორია გახდეს? დიახ, მიმაჩნია", - განაცხადა ზელენსკიმ უცხოური მედიის წარმომადგენლებისთვს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, განაცხადა, რომ პოზიტიურად არის განწყობილი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის შუამავლობის მიმართ.
"რაც შეეხება ისრეალისა და პრემიერ-მინისტრ ბენეტის შუამავლობას. საერთო ჯამში მე პოზიტიურად ვარ განწყობილი. პირადად პოზიტიურად ვუყურებ ნებისმიერ შუამავლობას... ბენეტის შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება. უპირველესად იმიტომ, რომ ისრაელი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, იქ უკრაინიდან და რუსეთიდან წასული ბევრი ებრაელი ცხოვრობს", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ისრაელი უნდა იყოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები იქნებიან.