უკრაინაში ომის 16 დღის განმავლობაში 79 ბავშვი დაიღუპა, 100-მდე დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაღუპულთა და დაჭრილთა უმეტესობა კიევის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ხერსონისა და ჟიტომირის ოლქებიდან არიან.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, მონაცემები არ არის სრულყოფილი, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, ვერ ხერხდება ტერიტორიების დათვალიერება.
დღევანდელი მონაცემებით, 280 სასწავლო დაწესებულებაა განადგურებული, მათგან ცხრა შენობა სრულიად დანგრეულია, ასევე განადგურებულია 10-მდე ბავშვთა საავადმყოფო.
უკრაინის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ პროკურორები აგრძელებენ დანაშაულების შესახებ ინფორმაციისა და მტკიცებულებების შეგროვებას, რომელსაც რუსეთი ჩადის ბავშვების წინააღმდეგ.
ფოტო: თავდასხმა მარიუპოლში საცხოვრებელ კორპუსზე, Evgeniy Maloletka / AP