„ნიუ ჰოსპიტალსი“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო მასალა, რომლის მიხედვით, სავარაოდოდ, უცხოეთის მოქალაქეების გარკვეული ჯგუფის მიერ ხდება ქართული კლინიკების, კერძოდ „ნიუ ჰოსპიტალსის“ სახელის ბოროტად გამოყენება და კლინიკის სახელით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სამკურნალოდ მიღებაზე დასტურის ყალბი დოკუმენტების დამზადება.
„აღნიშნული დოკუმენტები (ბლანკები ტექსტით, ხელმოწერით და სხვ.) არ არის გაცემული „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიერ და მასზე არსებული ხელმოწერა არ წარმოადგენს ვალიდურ ხელმოწერას. დოკუმენტები გაყალბებულია და სავარაუდოდ ემსახურება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის მათი მხრიდან საზღვრის კვეთის პროცედურის გამარტივებას.
სავარაუდო კანონდარღვევის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსისთვის“ ცნობილი გახდა 2022 წლის 4 მარტს. ინფორმაციის მიღებისთანავე, კლინიკამ დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ფაქტთან დაკავშირებით განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საპროცესო მოქმედებები“, - წერია განცხადებაში.