ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი კარიმ ხანი აცხადებს, რომ შეიტანა განცხადება სამხრეთ ოსეთის 3 წარმომადგენლის დაკავების ორდერის მოთხოვნით.
კარიმ ხანის განცხადებით, დაკავების ორდერების მოთხოვნას აქვს საფუძვლიანი დასაბუთება, რომ ამ პირებს ეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებზე 2008 წლის 8 აგვისტოდან 28 აგვისტომდე.
დაკავების ორდერების გამოცემა მოთხოვნილია პირებზე:
გენერალ-ლეიტენანტი მიხეილ მინძაევი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი 2005-2008 წლებში;
ჰამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი გამოძიების ქვეშ მყოფი პერიოდისთვის;
დავით სანაკოევი, დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში.
პროკურორის თქმით, ამ პირებს ეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ადამიანების უკანონოდ დაპატიმრებაში, წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, პირადი ღირსების შეურაცხყოფასა და მძევლების აყვანაში.