ავსტრალიელი მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
საზოგდოებრივი მაუწყებლის ცნობით, სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა წარმოთქმისას შანაი ბრუკის ძმას, ტაისონ ედვარდსს ბოდიში მოუხადა.
"მაპატიეთ. მესმის, ყველაფერი ვიცი. ჩემთვის არ არის მარტივი აქ დგომა. ძმამ ახსენა, რომ არაერთი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. მე ასეთი არასოდეს ვყოფილვარ, მეც ვაკეთებდი კარგ საქმეებს. რაღაც კარგს მეც ვაკეთებდი, შეგიძლიათ, ნახოთ, იმ დღესაც ჩარიცხული მქონდა. შემეშალა, გთხოვთ მაპატიეთ. მესმის თქვენი დანაკარგი, მეც მქონია ეს დანაკარგი. ვიცი, ჩემი ბოდიში რომ არაფერს ნიშნავს, უბრალოდ გულწრფელად ვდგავარ თქვენ წინაშე, ბოდიშს ვიხდი. მე ჩემი თავის მოვკალი მაგ დღეს. მაპატიე მეგობარო, ძალიან ცუდად ვარ. მე არ ვყოფილვარ ასეთი და აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში. მრცხვენია ჩემი ქალაქის და ქვეყნის, რომ შემეშალა. მაპატიეთ, ბოდიშს ვიხდი", - განაცხადა მურსაკულოვმა.
ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი გასული წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. შანაი ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. მკვლელობაშ ბრალდებული მურსაკულოვი 2021 წლის 8 სექტემბერს დააკავეს.