უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ 12-საათიან ცეცხლის შეწყვეტაზე, რათა ჰუმანიტარული დერეფნებით მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდეს. განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა.
ვერეშჩუკის განცხადებით, რუსეთი დათანხმდა უკრაინის მიერ შეთავაზებულ მარშრუტებზე ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას.
ამავდროულად, ირინა ვერეშჩუკმა მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საჯაროდ აღებული ვალდებულება და არ დაარღვიოს ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმება.
შეთანხმებისამებრ, ჰუმანიტარული დერეფნებით მოსახლეობის ევაკუაცია ადგილობრივი დროით 21:00 საათამდე უნდა განხორციელდეს შემდეგ მარშრუტებზე:
ენერგოდარი-ზაპორიჟიე
სუმი-პოლტავა
მარიუპოლი-ზაპორიჟიე
ვოლნოვახა-პოკროვსკი
იზიუმი-ლოზოვაია
ვორზელი, ბუჩა, ირპინი, ბოროდიანკა, გოსტომელი-კიევი.
ვერეშჩუკმა განსაკუთრებით გამოყო ორი მარშრუტიდან - მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მოსახლეობის ევაკუციის მნიშვნელობა, რადგან რუსეთს ეს ქალაქები რამდენიმე დღეა ალყაში ჰყავს მოქცეული.
მანამდე მიღწეული შეთანხმებების მიუხედავად, რუსეთმა სულ მცირე, ორჯერ დაარღვია პირობა, რის გამოც მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მოქალაქეთა ევაკუაცია ჩაიშალა.
ვერეშჩუკის თქმით, ასევე ჩატარდება სპეციალური ოპერაცია ბავშვთა სახლის ევაკუაციისთვის კიევის მახლობლად, ვორზელის გარეუბანში. მისი თქმით, იქ 55 ბავშვი და 26 თანამშრომელი იმყოფება.