უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაცია Shell-ი რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარს ამბობს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კომპანიის განცხადებით, რუსეთის ბაზარს ეტაპობრივად დატოვებს. თავდაპირველად, შეწყდება რუსული ნედლი ნავთობის შეძენა და დაიხურება რუსეთში არსებული მომსახურების სადგურები და საავიაციო საწვავის წარმოება.
ამავდროულად, Shell-მა ბოდიში მოიხადა გასულ კვირას რუსეთის ნედლი ნავთობის შეღავათიან ფასად შესყიდვის გამო. კომპანიის დირექტორის განცხადებით, მათ მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი სწორი არ იყო.
"ეს რთული გამოწვევაა. ამ ნაწილში ენერგეტიკული სისტემის ცვლილება მოითხოვს შეთანხმებულ მოქმედებებს მთავრობის, ენერგიის მომწოდებლებისა და მომხმარებლების მხრიდან, ენერგომომარაგების სხვა ფორმაზე გადასვლა დიდხანს გაგრძელდება... ვაცნობიერებთ, რომ გასულ კვირას ჩვენი გადაწყვეტილება რუსული ნედლი ნავთობის პარტიის შეძენასთან დაკავშირებით, რომელიც ბენზინად და დიზელად უნდა გადამუშავდეს, იმის მიუხედავად, რომ შეძენა განხორციელდა მიწოდების უსაფრთხოების გათვალისწინებით, იყო შეცდომა და ბოდიშს ვიხდით", - აცხადებს Shell.
5 მარტს ცნობილი გახდა, რომ Shell-მა რუსული ნავთობის უდიდესი პარტია რეკორდული ფასდაკლებით შეისყიდა, სხვა კომპანიების მიერ რუსეთის ენერგორესურსებზე მასობრივი უარის მიუხედავად. Bloomberg-ის ცნობით, კომპანიამ ერთ ბარელ ნავთობში საბაზრო ფასზე 28.5 დოლარით ნაკლები გადაიხადა.
Shell-ის ამ ნაბიჯმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას გულისწყრომა გამოწვია.
"მითხრეს, რომ Shell-მა ფარულად იყიდა რუსული ნავთობი. ერთი შეკითხვა მაქვს Shell-ის მიმართ: რუსულ ნავთობს თქვენთვის არ ასდის უკრაინული სისხლის სუნი? მოვუწოდებ ყველა შეგნებულ ადამიანს მთელ მსოფლიოში მოითხოვოს ტრანსნაციონალური კომპანიისგან გაწყვიტოს ყველანაირი საქმიანი კავშირი რუსეთთან", - წერდა კულება Twitter-ზე.