ჩვენ გვაქვს შესაძლო გამოსავალი კრემლის სამ მოთხოვნაზე საპასუხოდ. მნიშვნელოვანია, რომ პუტინმა შეწყვიტოს მოთხოვნების დაყენება და დაიწყოს დიალოგი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეკომპანია „ეი-ბი-სი“-სთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მოთხოვნებს, რომელიც მოიცავს უკრაინის მიერ ნატო-ში გაწევრიანებაზე უარი თქმას, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დამოუკიდებლობისა და ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას, ულტიმატუმებს არ დათანხმდება.
„ეს არის მორიგი ულტიმატუმი. ჩვენ არ ვართ მზად ულტიმატუმზე დათანხმებისთვის, თუმცა ჩვენ გვაქვს შესაძლო გამოსავალი კრემლის სამ მოთხოვნაზე საპასუხოდ. მნიშვნელოვანია, რომ პუტინმა შეწყვიტოს მოთხოვნების დაყენება და დაიწყოს დიალოგი. ჩემი აზრით, ახლა პუტინი არის მოქცეული საკუთარ საინფორმაციო ვაკუუმში. ის იღებს ინფორმაციას, რომელიც რეალობას არ შეესაბამება“, – განაცხადა ზელენსკიმ.