ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგება უკრაინისთვის გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ამ კვირაში მინიჭებას. ამის შესახებ იტყობინება Bloomberg-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით.
"გერმანიას, ნიდერლანდებს და სხვებს სურთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებამდე, ევროკომისიამ შეაფასოს და გამოთქვას მოსაზრება უკრაინის მზადყოფნის თაობაზე", - იუწყება Bloomberg-ი.
გერმანიისა და ნიდერლანდების გარდა კიდევ რომელი ქვეყანა გამოხატავს წინააღმდეგობას, არ არის დაკონკრეტებული.
ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, ამ ქვეყნებს სურთ ფოკუსირება მოახდინონ უკრაინის პრაქტიკულ მხარდაჭერასა და ომის დასრულებაზე, ვიდრე პროცესის დაწყებაზე, რომელსაც შესაძლოა მინიმუმ ათი წელი დასჭირდეს.
ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის დაჩქარებულად მინიჭებას, ამტკიცებენ, რომ ამ ნაბიჯს მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა ექნება, მაშინაც კი, თუ თავად გაწევრიანების პროცესი ხანგრძლივი და რთული იქნება.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ელჩებმა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადების განხილვა დაიწყეს.
ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი უკრაინამ 28 თებერვალს გააკეთა. 3 მარტს, ანალოგიური განცხადებით ევროკავშირს საქართველომ და მოლდოვამაც მიმართეს.