მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ დაპირებისამებრ, მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ წამლების გაიაფების პროცესი. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ გავხსენით თურქეთის ბაზარი იმ დათქმით, რომ მხოლოდ „ჯი-ემ-პის“ სტანდარტის მაღალი ხარისხის წამლები შემოვიდოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, წამლები უკვე შემოსულია საქართველოში, ხელმისაწვდომია აფთიაქებში და იყიდება რამდენიმე დასახელების მედიკამენტი, ყველაზე მოთხოვნადი წამლები.
„მინდა რამდენიმე მაგალითი მოვუყვანო ჩვენს მოქალაქეებს. დღეს უკვე, ყველაზე მოთხოვნადი წამლები რაც არის, მაგალითად გულსისხლძარღვთა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის ფასი მანამდე თუ იყო 220 ლარი, დღეს მისი ღირებულება არის 48 ლარი. უმეტეს შემთხვევაში, 60-80%-ით არის შემცირებული ფასები მედიკამენტებზე და როგორც მინიმუმ, განახევრებულია ფასები, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია. მინდა, მინისტრ აზარაშვილს მადლობა გადავუხადო, ძალიან აქტიურად იმუშავა, ამ პროცესში ჩართული იყო, დღეს მიემგზავრება თურქეთში, თავის კოლეგას შეხვდება და კიდევ უფრო მეტ სარგებელს ჩამოიტანს. ამას გარდა, მსურს გითხრათ, რომ ათეულობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტზე არის უკვე სამინისტროში შეტანილი განაცხადები რეგისტრაციისთვის და ძალიან მალე დაჩქარდება ეს პროცესი, იმისთვის, რომ კიდევ უფრო დროულად მოხდეს ყველა წამლის ჩანაცვლება და მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანი, უფრო იაფიანი წამლის შესაძენად.
რაც მთავარია, თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნებოდა ხარისხი და ეს ხარისხი არის მიღწეული. რა თქმა უნდა, ყველა ის წამალი, რომელიც შემოვიდა თურქეთიდან, იქნება და არის „ჯი-ემ-პის“ სტანდარტის.
ამჟამად, მინისტრი აზარაშვილი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია, იმისთვის, რომ ყველა ის წამალი, რომელიც იქნება ადგილზე, საქართველოში წარმოებული, ან შემოტანილი, იმპორტირებული, იყოს მხოლოდ მაღალი ხარისხის. ამ პროცესს ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.