უკრაინის გენერალური პროკურატურა თინა კანდელაკის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ სოციალურ ქსელში დაწერა.
ვენედიქტოვას განცხადებით, საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებიდან თინა კანდელაკს სხვა სახელმწიფოების საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას კომპეტენტური ორგანოები დააკავებენ უკრაინაში ექსტრადირების მიზნით.
ქართული წარმოშობის რუს ტელეწამყვანს ბრალად ედება განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება. კანდელაკი კრემლის პროპაგანდისტულ გზავნილებს თავისი მედია არხების საშუალებით ავრცელებს.
"პროკურორები, რომლებმაც გაანალიზეს თქვენი კუთვნილი ტელეგრამის არხის შინაარსი, უკიდურესად გაოცდნენ - თქვენ ხართ კრემლის სამხედრო მანქანის იდეებისა და ლოზუნგების ერთ-ერთი მთავარი "გამავრცელებელი", - მიმართავს ვენედიქტოვა კანდელაკს.
24 თებერვალს (უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს) თინა კანდელაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობა სწრაფად აღდგება მას შემდეგ, რაც ზელენსკი და უმაღლესი რადას "ოდიოზური" დეპუტატები ქვეყანას დატოვებენ.
კანდელაკმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ იანუკოვიჩი [უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, სახელმწიფო ღალატში ბრალდებული კრემლის ემისარი] უკრაინაში დაბრუნდება.
"რუსეთის ფედერაციაში ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია შეგნებულად კვებავს მოქალაქეებს იაფფასიანი ყალბი ამბებით, თქვენ კი, „თინათინ გივიევნა“, დგახართ ამ საინფორმაციო სასადილოში და არიგებთ დამპალ დესერტებს", - მიმართავს ვენედიქტოვა პროპაგანდისტ ტელეწამყვანს.
ვენედიქტოვას განცხადებით, თინა კანდელაკის პროცესუალური სტატუსი უკრაინაში იქნება - პირი, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში.
რუსი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და პროდიუსერი თინა კანდელაკი საქვეყნოდ ცნობილია თავისი ლოიალური დამოკიდებულებით კრემლისა და მისი აგრესიული პოლიტიკის მიმართ. ის არის Gazprom Media-ს გენერალური დირექტორის მოადგილე და Gazprom Media Entertainment Television-ის მმართველი დირექტორი, ასევე, ტელეარხის TNT დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.