"უკრაინელი ხალხი უიმედოდ ითხოვს დასავლეთისგან ჩვენი ცის დაცვას. ჩვენი ვითხოვთ ფრენის აკრძალული ზონის შექმნას", - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინელმა ჟურნალისტმა დარია კალენიუკმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს პრესკონფერენციაზე.
"უკრაინელი ქალები და ბავშვები შეძრწუნებულები არიან რაკეტებისა და ჭურვების გამო, რომლებიც ციდან ცვივა", - თქვა ჟურნალისტმა.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სარაკეტო იერიშებით თავს ესხმის უკრაინის საცხოვრებელ უბნებს და დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მცირე შანსია იმისა, რომ დასავლეთი უკრაინის ცას არასაფრენ ზონად გამოაცხადებს.
რა არის არასაფრენი ზონა?
არასაფრენი ზონა შეიძლება დაწესედეს საჰაერო სივრცის ნებისმიერ რეგიონში, სადაც გადაწყდება, რომ გარკვეული თვითმფრინავები ვეღარ იფრენენ.
ეს მექანიზმი შეიძლება გამოყენებულ იყოს მგრძნობიარე ტერიტორიების, მაგალითად, სამეფო რეზიდენციების დასაცავად. ასევე, სპორტული ღონისძიებებისა და დიდი შეკრებების დროს.
სამხედრო კონტექსტში, საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადება მიზნად ისახავს, რომ შეაჩეროს თვითმფრინავების ამ ზონაში შესვლა, თავდასხმების ან თვალთვალის თავიდან ასარიდებლად.
ეს უნდა განხორციელდეს სამხედრო გზით, რაც შეიძლება იყოს მეთვალყურეობა, პრევენციული დარტყმები თავდაცვითი სისტემების წინააღმდეგ ან თვითმფრინავების ჩამოგდება, რომლებიც შევლენ შეზღუდულ ზონაში.
უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადება ნიშნავს, რომ სამხედრო ძალები, კონკრეტულად ნატო-ს ძალები უშუალოდ ჩაერთვებიან რუსული თვითმფრინავების შეკავების პროცესში და საჭიროების შემთხვევაში, ჩამოაგდებენ კიდეც.
რატომ არ იყენებს დასავლეთი ამ მექანიზმს?
აშშ-ის საჰაერო ძალების ყოფილი გენერლის, ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, რომელიც 2013-2016 წლებში ნატო-ს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მეთაური იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის მხარს უჭერს მოწოდებებს უკრაინაში არასაფრენი ზონის შექმნის შესახებ, ეს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა.
"ეს ომის ტოლფასია. თუ არასაფრენ ზონას გამოვაცხადებთ, ჩვენ უნდა აღვკვეთოთ მტრის შესაძლებლობა, ცეცხლი გახსნას აკრძალულ ზონაში".
გაერთიანებული სამეფოს დეპუტატი ტობიას ელვუდი, რომელიც თავმჯდომარეობს თავდაცვის კომიტეტს, მხარი უჭერს ნაწილობრივი ან სრული ფრენის აკრძალული ზონის იდეას და მოუწოდებს ნატოს, ჩაერიოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა და სავარაუდო ომის დანაშაულების გამო.
მაგრამ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამორიცხა ალიანსის მონაწილეობა და თქვა NBC-სთან საუბრისას "ჩვენ არ გვაქვს განზრახვა უკრაინაში გადასვლის, არც ხმელეთზე და არც ჰაერში".
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა ნათლად განაცხადა, რომ ბრიტანეთი არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის ამოქმედებაში, რადგან რუსულ თვითმფრინავებთან ბრძოლა გამოიწვევს "ომს მთელ ევროპაში".
არასაფრენი ზონის გამოცხადებას, ანალოგიური მიზეზებით, შეერთებული შტატებიც გამორიცავს.
რუსეთთან კონფლიქტის ნებისმიერი ესკალაციის დამატებითი რისკი არის ბირთვული იარაღის სპექტრი. ეს შიში გაჩნდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მან რუსეთის ბირთვული ძალები "სპეციალურ" მზადყოფნაში მოიყვანა.
სამხედრო ექსპერტების განცხადებით, რუსეთის ეს ნაბიჯი უფრო გამაფრთხილებელ სიგნალს ჰგავს, ვიდრე რეალურად ბირთვული ძალები ამოქმედების განზრახვას. მაგრამ იმის მინიშნებაც კი, რომ ეს ომი შესაძლოა ბირთვულ ომად გადაიქცეს, სამოქალაქო პირებზე თავდასხმის საშინელი სცენების მიუხედავად, უკრაინაში არასაფრენი ზონის გამოცხადების ალბათობას ამცირებს.
აქამდე თუ გამოუყენებიათ არასაფრენი ზონის გამოცხადება?
სპარსეთის ყურის პირველი ომის შემდეგ 1991 წელს აშშ-მა და კოალიციურმა პარტნიორებმა გამოაცხადეს ორი აკრძალული ზონა ერაყში, რათა თავიდან აეცილებინათ თავდასხმები ზოგიერთი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წინააღმდეგ. მაშინ ეს გაეროს მხარდაჭერის გარეშე გაკეთდა.
1992 წელს ბალკანეთის კონფლიქტის დროს გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც კრძალავდა უნებართვო სამხედრო ფრენებს ბოსნიის საჰაერო სივრცეში.
გაეროს უშიშროების საბჭომ ასევე დაამტკიცა არასაფრენი ზონა ლიბიაში 2011 წლის სამხედრო ინტერვენციის ფარგლებში.
ბოსნიის და ლიბიის საჰაერო ზონებს ნატოს ძალები იცავდნენ.
წყარო: BBC